გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა ეს არის პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება, რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება და ასე უბრალოდ ნათქვამი, გასატარებელი, მოგონილი ამბავი კი არ არის. ეს არის პროვოკაციული [ტყუილი], - ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ დეზინფორმაციას შესაძლოა დამაზიანებელი შედეგები მოჰყოლოდა.
„შედეგი შეიძლება მიიღო ისეთი დამაზიანებელი, რომელზეც საუბარიც კი შეიძლება გაჭირდეს პირდაპირ ეთერში. აი ასეთი ტყუილი, რომელსაც არ ერიდებიან. „მთავარი არხი“ ხომ არ არის ცალკე მედიასაშუალება, რომელიც თავისი ნებით რაღაცებს ლაპარაკობს, იგონებს ან არ იგონებს. ის ხომ იმ სტრუქტურაში ზის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი, ომისა და ღალატის პარტია, როგორც გნებავთ, ისე მოვიხსენიოთ. უფრო დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, ვიდრე ოდესმე, რასაც, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, შეიძლება გაგრძელების დროს სხვადასხვა ამბავი მოჰყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი“, - განაცხადა მდინარაძემ.