ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის მერის, კახა კალაძის NATO-ზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, კალაძის განცხადება დადასტურებაა იმის, რომ სიცრუეა, თითქოს რამეს ცდილობენ, დადასტურებაა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ, პუტინისტურ ტალღაზე დაყენება, რომ "დასავლეთმა მიგვატოვა და სხვა გზა არ გვაქვს".
ბოკერიამ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე NATO-ს წევრობაზე უარს ეუბნებოდნენ.
"იმის მსგავსი იყო, ბუქარესტში ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ ისტორიული შეცდომა რომ დაუშვა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. ამ ტონით კი არ იყვნენ, თუ რამე გინდათ მიგვიღეთ და თუ არა და კარგად იყავით - ეგ რა აბსურდია, კარგად იყავით, ანუ მიგვატოვეთ ბოლომდე?! ისინი აგრძელებდნენ, სწორი გაგებით, უაგრესიულეს ლობირებას. ეგ გზავნილი კი არ ჰქონდათ, "რამის თავი თუ გაქვთ" - ეუბნებოდნენ და მუშაობდნენ იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ სპექტრზე, შეერთებულ შტატებში, ევროპის სკეპტიკურ ქვეყნებში, რომ ისინი მორალური და პრაგმატული არგუმენტებით დაერწმუნებინათ, რატომ არის საჭირო მათი ქვეყნების გაწევრიანება ნატოში, არამარტო მათი ქვეყნებისთვის, არამედ ნატოსთვისაც.
ამას უნდა აკეთებდეს ნორმალური მთავრობა და თუ იქ უნდა, რომ ვინმეს შეუტიოს მორალური პოზიციებიდან, მაშინ ეგ ლეგიტიმური იქნებოდა. მაგრამ ეს გზავნილი სრულიად საპირისპიროა, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა. კარგად იყავით ვის ეუბნები? საკუთარ ხალხს რას ეუბნები? უნდა შევეშვათ მცდელობას, რომ დაცულები ვიყოთ და რამე ალტერნატიულ გზას გვთავაზობენ საქართველოს გამთლიანების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების? - არა, ეს არის უსინდისო მცდელობა, საზოგადოების ნაწილის მაინც შეცდომაში შესაყვანად, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების პასუხიმგებლობა კი არ არის, რომ ყველა შემთხვევაში მიაწვეს, თითქოს თანასწორ მდგომარეობაში ვართ მათთან.
ორბანის ციტატებს იყენებენ, რომელიც ნატოს წევრია, შიგნით არის ოღონდ და კიდევ შეუძლია ჩემთვის ყოვლად მიუღებელი განცხადებები აკეთოს და ჩვენი ხალხი, რომელიც დაცული არ არის, თვითონვე იძახიან რომ რუსეთისგან დიდი საფრთხეა და მართლაც ეგრეა ამ ვითარებაში და ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების".- ამბობს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, არც ვაშინგტონში, არც ბერლინში, არც პარიზში, არსად ამ მთავრობის წარმომადგენლები არ მუშაობენ ნატოს საკითხის დაყენებაზე და ვილნიუსში არც კი უცდიათ, რომ ჩვენი საკითხი დაეყენებინათ.
"სხვა ჩვენს ნაცვლად ამაზე ვერ იზრუნებს. თუ შენ არ ლობირებ და თუ არ აწვდი მოკავშირეებს დამატებით არგუმენტებს, რომ მათ შენ მხარე დაგიჭირონ იმისთვის, რომ საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება ნორმალური და არა პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლება".- აღნიშნავს გიგა ბოკერია.