უკრაინა და მოლდოვა რომ ჩვენზე წინ და ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებებში არიან, იმით აიხსნება, რომ მათ ჰყავთ პროდასავლური მთავრობა, - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რითი აიხსნება, რომ ევროპარლამენტარები საკუთარ განცხადებებში საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად არ მოიხსენიებენ.
ბოკერიას თქმით, ბევრ საკითხში ზოგიერთი ამ ტიპის ქვეყანა საქართველოზე უკანაც კი შეიძლება იყოს და ოცნების პროპაგანდა ამას იყენებს კიდეც, როდესაც სიმართლის ელემენტს ტყუილში ახვევს.
„მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის ამდენწლიანი მავნებლობისა, ბევრი რეფორმა, რომელიც საქართველოში გატარდა, იყო იმდენად ეფექტური, რომ ამის ტოლფასი რეფორმები აღნიშნულ ქვეყნებში არ გატარებულა.
ასევე იძახიან, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია ჯერო - კი, გასაგებია განსხვავებები არსებობს, ოღონდ მთავარ საკითხში გვაქვს ჩავარდნა, უკრაინას, რომელიც გმირულად იბრძვის და მაგალითს იძლევა და მასთან ერთად მოლდოვას მოკავშირე ხელისუფლებები ჰყავთ“ - თქვა ბოკერიამ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს თავს ესხმის და უსაფრთხოების საკითხებში ხშირად არის პუტინის ირიბი მოკავშირე მათი გზავნილებითა და ქვეყნის შიგნით, პუტინისტებთან ღია ალიანსით.
„თუ შენ ჩემი მოკავშირე არ ხარ და თან თავს მესხმი ბუნებრივია, რაც ხდება, მთავრობა წარმოგვადგენს ჩვენ. ამიტომ ქართული საზოგადოება არ უნდა შევიდეს შეცდომაში არავის, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციონერის მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როგორიცაა - „ჩვენ ვითხოვთ მაინც მოგვცენ სტატუსი“, რასაც შემდგომში მთავრობა შემოგვიტრიალებს, რომ თითქოს ქართველ ხალხს უთხრეს უარი.
ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვიყოთ და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ. ამას როგორც კი ვიზამთ დემოკრატიულად და გვეყოლება ნორმალური, პროდასავლური, არაშავრაზმული ხელისუფლება, ბევრი სამუშაო იქნება, თუმცა ბევრად მეტი შესაძლებლობა გაგვეხსნება და მსგავსი კითხვები აღარ გაჩნდება,“ - თქვა გიგა ბოკერიამ.