რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელიც ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, „მნიშვნელოვანი, და არსებითი“ იყო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ბირთვული ომის რისკებთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.
მედიის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მისი ვიზიტი რუსეთში „განსაკუთრებულ დროს“ დაემთხვა. „ახლა რუსეთი იბრძვის წმინდა ბრძოლაში თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ბოროტი ძალების წინააღმდეგ“, - თქვა კიმმა.
ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, „არსებობს გარკვეული შეზღუდვები“.
„რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ არსებული წესების ფარგლებში, შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და განვიხილავთ“, – განაცხადა პუტინმა.