ჩემს მშობლებს, დანაზოგი არ აქვთ და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ, საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ბექა ოდიშარიას მიერ პრემიერის მშობლებზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი”.
"წარმოუდგენელია თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ, ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას. იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე, და მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც არ აქვთ, სამწუხაროდ, რაღაც დანაზოგი, იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს, ვიღაცას არ აქვს. ასე თქვენ აყენებთ საკითხს, რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ უნდა [ჰქონდეს], ვიღაცას აქვს. ჩემს მშობლებს, მაგალითად ასეთი დანაზოგი არ აქვთ და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად. არც სხვა იმ პატივცემული და მართლაც მშრომელი, ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ ამას თარგმნით. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.