პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა იცის პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს.
„პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს ყოველ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, აქამდე არაერთი შეხვედრა გვქონია მასთან და ყოველთვის საჯაროდ და არა საჯაროდ, მან იცის ჩემი პოზიცია და იცის პარტიის პოზიციაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.