აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის, თუმცა შეერთებული შტატები მის განხილვას ჯერ ისევ განაგრძობს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, ასევე აშშ-ის შიდა წრეებში, თუმცა ჯერ ჩვენ არ გვაქვს პოზიციები, რომელსაც გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა მილერმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს დაარწმუნოს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უახლოეს პერიოდში მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებას უკრაინელი სამხედროებისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე.
გამოცემა Financial Times ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, რომ ბაიდენი ახლოს არის უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის გადაწყვეტილების მიღებასთან.
როგორც ცნობილია, კიევი დიდი ხანია ითხოვს ATACMS-ის ტიპის რაკეტებს, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს დარტყმები მიიტანოს რუსეთის ზურგის სიღრმეში.