ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ ოფიციალური პეკინის ინტერესებზე მორგებული შეთანხმება და გეოპოლიტიკური განაცხადია.
ხიდაშელის თქმით, ცივილურ სამყაროში საზღვრებზე განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც კომუნისტური ქვეყნებიდან შედიან.
„ზუსტად ისე, როგორც ივლისში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების შემთხვევაში მოხდა, აქაც სახეზეა ცალმხრივი მოქმედება. როგორც ის დოკუმენტი თავიდან ბოლომდე პეკინის ინტერესებზეა მორგებული, ქართულმა მხარემ უბრალოდ ხელი მოაწერა ისე, რომ საქართველოს ინტერესი იქ ნულოვანია აბსოლუტურად, ზუსტად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს, როგორც ჩანს, წინასწარ შეთანხმებული იყო, რომ ჩვენ ცალმხრივად გავხსნით უვიზო მიმოსვლას ჩინეთთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით იმის შესახებ, რომ იქითა მხრიდანაც ანალოგიური პასუხი იქნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რაღაც ვასალ დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ, რომელიც ბატონ ღარიბაშილს დასჩემდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.