პრეზიდენტის იმპიჩმენტი სასაცილო თემაა, რომელიც კობახიძემ და მდინარაძემ მოიგონეს, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშებში არ ჩაერთვება, ეს თემა არ გვაინტერესებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„სასაცილო და მოგონილი თემაა. ეს თემა კობახიძემ და მდინარაძემ თავად მოიგონეს. შემდეგ თავად დაიწყეს კითხვების დასმა, ბრიფინგების ჩატარება და პასუხების გაცემა. შემდეგ თქვეს, იმპიჩმენტს მოვაწყობთ, მაგრამ ასი ხმა არ გვაქვსო – თავის თავს ელაპარაკებიან. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ეს თემა ემსახურება იმას, რომ მთავარი თემებიდან მოხდეს ისრების გადატანა. ზუსტად იციან, რომ თუ ეს თემა ქვეყნის შიგნით არავის აინტერესებს, სამაგიეროდ, ქვეყნის იმიჯს მის გარეთ აზარალებს და ამიტომ არიან ამ პროცესში ივანიშვილი და რუსული ოცნება, მათ შორის მათსავე არჩეულ პრეზიდენტს ებრძვიან. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.