ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, სამართლიან დამოკიდებულებას. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველო რეალურად, ჭეშმარიტად დადის ევროპულ გზაზე და ევროინტეგრაციისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, სამართლიან დამოკიდებულებას. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველო რეალურად, ჭეშმარიტად დადის ევროპულ გზაზე და ევროინტეგრაციისთვის იბრძვის. საქართველო არის წარჩინებული ამ მიმართულებით. თუკი იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ხოლო თუ ისევ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, ისევ არაობიეტური დამოკიდებულება იქნება ამ მიმართულებით, მაშინ შეიძლება, იმაზეც კი იეჭვიანო ადამიანმა, ხომ არ გვაქვს სახეზე რაღაც შეცდომა, რომელი შეცდომის წყალობითაც ვიღაც შეიძლება, უბიძგებდეს კიდევაც საქართველოს იქით, რომ რუსეთს შერჩეს ეს ქვეყანა ხელში საჯიჯგნად. ასე არ უნდა მოიქცეს არავინ, რადგან სამართლიანი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ევროპულობას, ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრობას, ღირსებით, ტრადიციებით, ქრისტიანობით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და არა ამის გარეშე, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია ჩვენს ოპოზიციაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.