ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის საქართველოსში ვიზიტს აფასებს.
მისი თქმით, ბორელის ვიზიტი ამ კონკრეტულ მომენტში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა, ყველა იმ ხელისუფლებისთვის, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი და მონდომება ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია დააჩქაროს.
წერეთელი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ამ შესაძლებლობის სათანადოდ არგამოყენება და პირიქით, კონფრონტაციული ატმოსფეროს შექმნა, კიდევ უფრო აზიანებს პროცესს და არარეალურს ხდის სასურველი შედეგის მიღწევას.
"ბორელმა თქვა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა, დიპლომატიურად, მაგრამ გასაგებად და მკაფიოდ. საპასუხოდ, ხელისუფლებამ თქვა ყველაფერი, რაც არ უნდა ეთქვა.
ნათელია, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებას არც შანტაჟით მიიღებენ და არც მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესით.
ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა და საერთაშორისო პრინციპების ერთგულება, და ეს საქმით უნდა დამტკიცდეს და არა უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებით. “ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, ჩვენ გვეკუთვნის სხვაზე მეტად”, სამწუხაროდ არ კმარა და არც სერიოზულად უყურებს ვინმე გადაწყვეტილების მიმღები. ამ პროცესის მონიტორინგი და შეფასება კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, რეალური რეფორმების გატარებას და და არა იმიტაციას.
სამწუხაროდ, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ამ მმართველობის პირობებში საქართველო შეძლებს პროგრესს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია".- განაცხადა წერეთელმა.