ირაკლი ღარიბაშვილმა არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არამედ ის არის დასაჭერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ერთადერთ შემთხვევაში შეიცვლება რეალობა, თუ რუსული პარტიის უმრავლესობა დაიშლება და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება.
„შოვში რომ ადამიანები მიატოვეს და ამაზე არავინ პასუხისმგებლობა არ აიღო, უკიდურესი გაჭირვება რომ აქვს კახელ მევენახეს, უმძიმესი რეალობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თხილის ფასთან დაკავშირებით, გურიაში ტრაგედია ხდება და ადამიანები ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან, გვყავს გარდაცვლილები, რაც ცხადია ასევე უმძიმესია, ამის პარალელურად პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს და გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი დაახლოებით 200 ათას ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 ათასი ლარი დაჯდებოდა, საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე, დაბადების დღეზე, რაშიც 900 ათას ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი. ამასობაში არ დაგვავიწყდეს მისი 300-ათას ლარიანი მაჯის საათი, ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული ორი ავტომობილი.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის და საზოგადოებას გვიწევს ამის გარჩევა, რომ ნუნუკას ტყე აჩუქა, რომ ნუნუკას დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, რომ ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან, ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, არავინ ამაზე პასუხს არ აგებს და არც თავად არ ფიქრობს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში და გადადგეს, რადგან მისი გადადგომის შემდეგ წულუკიანს თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ან მაგალითად ირაკლი კობახიძეს ივანიშვილი, ამით საქართველოში არაფერი არ გამოსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი, ამიტომ პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ შოთაძე, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ამ დრომდეც და მე მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილე იქნება ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე.
ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას ცინიკურად ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ჰილარი კლინტონს რომ რედ ბული უყიდა, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და რაღაც ორი პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა, ამის გამო ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე, საქართველოს პარლამენტში ასევე უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, რომ დატოვონ რუსული პარტიის უმრავლესობა. ამ ქვეყანაში ერთადერთ შემთხვევაში შეიცვლება რეალობა - თუ რუსული პარტიის უმრავლესობა დაიშლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება და თუ ამას რუსული პარტიის პარლამენტის წევრები არ გააკეთებენ, არის ჩვენი, ხალხის გასაკეთებელი და თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.