შოვის ტრაგედია არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისა და კორუფციულო ინტერესების შედეგი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე.
„შოვის ტრაგედია არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისადა კორუფციულო ინტერესების შედეგი.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ გარემოს დაცვის სააგენტომ 2 აგვისტოს გაუგზავნა სახელმწიფო დაწესებულებებს შეტყობინება, რომ მოსალოდნელი იყო სტიქია, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს, რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტებს და სხვა დაწესებულებებს არ მოუხდენიათ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რაც კიდევ ერთი ფაქტი და მტკიცებულებაა ხელისუფლების დანაშაულის შოვში.
ყველაზე მთავარი დამნაშავე არის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომლის პასუხისმგებლობა იყო წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის დანერგვა, ევაკუაციის გეგმის მომზადება, რომელიც აგვარიდებდა მსხვერპლს შოვში.
მიუხედავად 2018 წლის დაპირებისა, რომ ყველა სახიფათო არეალში დამონტაჟდებოდა პრევენციული სისტემა, ტყუილი აღმოჩნდა და მეტიც, 2020 წლის 25 მაისის აუდიტის დასკვნა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მოუწოდებს სახიფათო მდინარეებსა და ჭალებზე განთავსებულიყო წინასწარი შეტყობინების და მონიტორინგის სისტემა - არ შესრულდა, გაიფლანგა ფული და დრო, მივიღეთ შოვში 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 სამძებრო ღონისძიებების დროს გარდაცვლილი.
მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან დანაშაულის დაფარვაც იქნება შემდგომში გამოძიების საგანი, როცა ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა,” - განაცხადა ლაშა ფარულავამ.