უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავედ გააკრიტიკა "დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობლივი დეკლარაცია.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ იმედგაცრუება გამოხატა დოკუმენტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის ჩართულობა საშუალებას მისცემდა მონაწილეებს უკეთ გაეგოთ ვითარება.
„პრინციპი „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ისეთივე საკვანძო რჩება, როგორც არასდროს“, - წერს ნიკოლენკო.
ამასთან, მან წარმოადგინა ფორმულირებები თუ როგორ უნდა შეიცვალოს ტექსტის ძირითადი ელემენტები, რათა უფრო ახლოს იყოს რეალობასთან.
მისი თქმით, დეკლარაციაში ფორმულირებული უნდა იყოს, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და არა ის, რომ საუბარი იყოს „უკრაინის ომზე“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მითითებული უნდა იყოს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა შეიკავოს თავი ტერიტორიების დასაპყრობად ძალის გამოყენებისგან და არა „ყველა ქვეყანამ“.
მისივე თქმით, აუცილებლი იყოს სამიტის მონაწილეებს დაეგმოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისთვის მიემართათ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი ოცეულის სამიტზე სახელმწიფოები შეთანხმდნენ ერთობლივ დეკლარაციაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხზე, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა მონაწილე ქვეყნებს შორის გარკვეული უთანხმოება. დეკლარაციის დეტალები ჯერ უცნობია.