ვიმედოვნებ, ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ, არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსამართლობა იყო, როდესაც შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.
„ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული, დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან, ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ ცხრა რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული, რამდენიმე არის დარჩენილი. ძირითადად მე გამოვყოფდი სამ რეკომენდაციას, რომელზეც ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პირველი არის დეპოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ოპოზიციის აქტიური ჩართულობა გვჭირდება; მეორე არის დეოლიგარქიზაცია, რაზეც ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში. მესამე არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვრცლად ვისაუბრე. ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან და ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც.
რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, კითხვა იყო, როგორი განცდა დამრჩა საუბრებიდან – არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ჩემი მოლოდინები ახლა საჯაროდ გაგიზიაროთ, ვისურვებდი, ჩვენ ერთად დაველოდოთ. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ, ჩვენ არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას.
შარშან უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად მიიღო სტატუსი. ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან კარგად ვიცით მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, ვითარება. რა თქმა უნდა, არავის ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. ახლაც მინდა, ჩვენი მხარდაჭერა დავადასტურო უკრაინის, უკრაინელი ხალხის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ ავანსად მიეცათ სტატუსი. უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, ჩვენ გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთ ამ ავანსს თუ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის საკმაოდ სამწუხარო იყო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო ათ წელიწადში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედიათავისუფლების, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლოს რეფორმის, ეკონომიკის განვითარების, სოციალური პოლიტიკის თუ მთავრობის გამჭვირვალობის მიმართულებით. ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე. ამიტომ, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმედი გვაქვს, ევროკომისია მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქმით, ძალიან მტკიცე მოწოდებით გამოვიჩინეთ, რომ ქვეყანა მეტად დავუახლოოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. ვიმედოვნებ, ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.