კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ქვეყნებს ეკუთვნის, ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის.
„ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, მხარი დაგიჭიროთ თქვენ ამ გზაზე. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება, კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ქვეყნებს ეკუთვნით. ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროკომისიის შეფასებაში წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად რთული სამუშაოს გაწევა არ არის იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, რომ გააბედნიეროს ხალხი ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ბორელმა.