თბილისში 40 სებასტიანელის სახელობის ეკლესია გაიხსნა. აბანოთუბანში მდებარე ტაძარში პირველ ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ წუთებში ატარებს.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ჩოხოსნებს აკურთხებს. ტაძარში ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის მისვლასაც ელოდებიან.
აღნიშნული ტაძარი აბანოთუბანში 10 წლის განმავლობაში შენდებოდა. ეკლესია იმ ადგილზეა აშენებული, სადაც აბო ტფილელი აწამეს. ტაძრის პირველ სართულზე გახსნილია მუზეუმი, რომელშიც ის ექსპონატები გამოიფინება, რომელიც შესაბამის ადგილზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგობაა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.