"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უპირველესად, პასუხი მართებს ათასობით ქართველი სტუდენტის მიმართ, რომლებსაც წლებია, შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ ვერ ახერხებს გადაიხადოს სწავლის გადასახადი,
ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც პრემიერი და მისი გარემოცვა საქართველოში ხალხს არწმუნებს, რომ დასავლეთი და აშშ ცუდია, რატომ არ უშვებს მის შვილს მოსკოვში ან პეტერბურგში სასწავლებლად.
„ღარიბაშვილს პირველ რიგში, მართებს პასუხები ათასობით ქართველი სტუდენტის მიმართ, რომელიც არათუ ვერ ახერხებს რომ აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასწავლებელში მიიღოს განათლება, არამედ წლებია, შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ ვერ ახერხებს გადაიხადოს სწავლის გადასახადი.
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მე მას დავუსვი და მას პასუხი არ აქვს, ჰქონდა მხოლოდ ისტერია მას და მის ტროლბოტების ფერმას მთელი თვის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველოს პრემიერი და მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები, არწმუნებენ ამ ქვეყანას, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის და ა.შ. რაღა მაინცდამაინც ამ აშშ-კენ ისწრაფვის ის, რატომ მოსკოვში ან პეტერბურგში არ უშვებს თავის შვილს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.