ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში ჯოზეფ ბორელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ „ევროკავშირს არ სურს, საქართველო გაწიროს, ქვეყანა აღმოჩნდეს რუსეთის კლანჭებში და, პრორუსული ხელისუფლების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების გზას ჩამოსცილდეს“.
„12-დან ცხრა რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ეს ვიზიტი იქნება მცდელობა, ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს თუ არ ასრულებენ, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებენ. მესიჯი იქნება – გაჩერდნენ. თუ რეკომენდაციებს არ ასრულებთ, ჯანდაბას, შეიძლება, თვალები დავხუჭოთ, მაგრამ საშინელებებს ნუ ჩადიხართ, პრეზიდენტს იმპიჩმენტს ნუ უცხადებთ, ნუ იღებთ აგენტების კანონებს და ნუ გაქვთ ანტიდასავლური განცხადებებიო. ისტორიულ გარემოებათა და გეოპოლიკური ვითარების გამო, საქართველო სტატუსს მიიღებს, მაგრამ ხელისუფლება გაჩერდეს. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შეჩერდეს, რადგან ყველა ხედავს, რომ თუ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღო, ფაქტობრივად, გაფორმდება რუსეთის ორბიტაზე, რაც შეიძლება, მძიმე შედეგით დასრულდეს ხელისუფლებისთვისაც“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.