„გირჩი-მეტი თავისუფლების“ და „დროას“ გაერთიანება ბუნებრივი გაერთიანებაა. მინდა, წარმატებები ვუსურვო. მათი ამომრჩეველი მეტ-ნაკლებად ერთნაირია, ერთნაირად ფიქრობს და თანხვედრაშია, სწორი გაერთიანებაა, გაერთიანების შედეგი როგორი იქნება, ვერ გეტყვით, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ის სამეული, რომელიც ბატონ ვაშაძესთან იყო, ბუნებრივი გაერთიანება არ იყო. ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანება მეტ ნაკლებად უფრო ბუნებრივია. თუმცა, დღეს კიდევ სხვა კონფიგურაციებზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. უნდა გაძლიერდეს ორ დიდ პარტიას შორის შუა რგოლი. არვიცი, რამდენიმე ცენტრი იქნება თუ ერთი ცენტრი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სახლებში არ დარჩეს. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ აქტიურობა. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანი, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა იყოს გონივრული კონფიგურაციები, რადგან არის 5%-იანი ბარიერი და თუ არ იქნება გონივრული კონფიგურაციები, არის იმის ძალიან დიდი საფრთხე, რომ საქართველოს პარლამენტში იყოს მხოლოდ ორი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით. მე ვრჩები ბრძოლაში. ჩემი მთავარი ამოცანა არ არის, რომ პარლამენტში ვიყო. ჩემი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას. ამ მიმართულებით რომელი კონფიგურაციაც საუკეთესო იქნება, ზუსტად ისეთ ბრძოლაში ვიქნები. თითოეული ოპოზიციონერის ამოცანა ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ ვებრძოლოთ იმ სისტემას და იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის. ამოცანა არ უნდა იყოს საარჩევნო სიები დაკომპლექტდეს და ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.