ძალიან სამწუხარო რეალობაა, დიდი ხანია, ვაკვირდებით, რომ ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ როგორმე დაასანქცირონ ქვეყანა და ქვეყანა თუ არა, საქართველოს რომელიმე მოქალაქე მაინც, ეს იქნება ამერიკის თუ ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, მათი აქტივობის შესახებ ვიცით, ვხედავთ და ჩვენი პარტნიორებისგან გვესმის, რომ მსგავსი თანამშრომლობა მათსა და დაინტერესებულ ადამიანებს შორის არსებობს, ვისაც მცდელობა აქვს, რომ როგორმე საქართველო არასწორ მხარეს წარმოაჩინოს მაშინ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს რეგიონში. რომ მკითხოთ, ეს მცდელობები ქვეყნის ღალატის ტოლფასია, რადგან ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ერთიანობა იმისთვის, რომ მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზნებს და ამ დროს ხდება ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე რაიმე ფორმით დასანქცირდეს. სანქციებს სერიოზული საფუძველი სჭირდება. ეს საფუძველი რომ ყოფილიყო, ეს აქამდეც იქნებოდა მიღწეული. ეს არის მუქარები, შანტაჟის ერთგვარი ფორმა, რასაც ახორციელებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული.