ღარიბი ქვეყნის პრემიერი, საჯარო მოხელე, ჩარტერულ თვითმფრინავს ქირაობს, რომ შვილს სკოლაში გაყვეს ამერიკაში, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დილიძე წერს.
ანა დოლიძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვილს სწავლის დაწყებათან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყვა.
“გასაგებია, რომ ღარიბაშვილი შვილს გაყვა ამერიკაში სასწავლო წლის დასაწყისისთვის. თუმცა, ბიზნეს და პირველი კლასიც არ იკადრა და კერძო თვითმფრინავი იქირავა. წარმოგიდგენიათ? ღარიბი ქვეყნის პრემიერი, საჯარო მოხელე, ჩარტერულ თვითმფრინავს ქირაობს რომ შვილს სკოლაში გაყვეს ამერიკაში. წარმოუდგენელია“, - წერს ანა დოლიძე.
აშშ-ში ირაკლის ღარიბაშვილის გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა Facebook-ზე დაწერა: „მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას“.