გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს „ნაცმოძრაობის“ დაშლას. მართლა უნდა გაგეცინოს, იმიტომ რომ ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უმძიმესი მდგომარეობაა.
„სულ სამნი იყვნენ და ვაშაძე გამოეყო ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. ანუ ერთი კაცი გამოეყო ორ კაცს, ამ დონეზე არის დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. იქ „ევრონაცები“, აქეთ „ნაცები, იქით „ლელო“ - საერთოდ გაუგებარი პარტია თავისი საბა ბუაძით და ა.შ. წარმოუდგენელი რამ ხდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ძალიან კარგი პროცესები ვითარდება საბოლოო ჯამში, რაც ჩვენ უფრო გვიმყარებს პოზიციებს და, რაც მთავარია, ჩვენს სახელმწიფოს უმყარებს პოზიციებს.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის პირდაპირ რისკ-ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის, ყველაფრისთვის, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას. რაც უფრო მეტად დაიშლება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ეს სათანადოდ აისახება არჩევნების შედეგებზე. ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განეიტრალების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.