ოპოზიციის განცხადება, რომ სტატუსს ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა, არის ცუდი ჩანაფიქრის გაგრძელება, რათა ქვეყნის პროგრესსა და ევროინტეგრაციას ხელი შეშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები და გულსატკენია, რომ ამ ყველაფერში ოპოზიციას პრეზიდენტიც აჰყვა.
„ოპოზიციის განცხადება, რომ სტატუსს ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა, ამ ფარისევლობის უკან სერიოზული მანკიერი და საფრთხის შემცველი ჩანაფიქრი იმალება. ეს არის მავნებლური დამოკიდებულება და გაგრძელებაა ცუდი ჩანაფიქრის, რომ ქვეყნის პროგრესსა და ევროინტეგრაციას ხელი შეშალოს. ოპოზიციის ნამდვილი განზრახვა ეს არის. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ოპოზიციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს არის რეალური ჩანაფიქრი, რისი არაერთი უტყუარი დასტური არსებობს. გულსატკენია, რომ ამ ყველაფერში ოპოზიციას პრეზიდენტიც აჰყვა“, - განაცხადა სარჯველაძემ.