„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა გააჩინა ბევრად უკეთესი სტანდარტები, ევროპული სტანდარტები, ის რასაც ადგენს ევროპის მასშტაბით მთავარი დოკუმენტი, რომლითაც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო აქტი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოსმენის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, პერსონალური მონაცემების სფერო ცვალებადია, მითუმეტეს, როცა კიბერ სივრცე ასეთი მასშტაბებით და ასეთი ინტენსივობით იზრდება.
„რასაკვირველია, ეს პრაქტიკულად ყოველდღიურად ცვლის მოცემულობას და ესეც, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს ახლებური რეგულაციების მიზანშეწონილობაზე. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მუდმივად, უწყვეტად დაკვირვება და შესაბამისად, ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კანონმდებლობა. ზუსტად იგივე დინამიკით აღინიშნება საკანონმდებლო პროცესი ევროპულ სახელმწიფოებში. მოსალოცი ამბავია, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში არაევროკავშირის სახელმწიფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქნა გაწევრიანებული, რაც პრაქტიკულად ერთადერთი პრეცედენტია. ეს არის სამსახურის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და არა მარტო სამსახურის. ეს არის მთლიანად სახელმწიფოს გამარჯვება. გამარჯვება იმიტომ, რომ ეს არის აღიარება. დამერწმუნეთ, რომ არავინ არ აღიარებდა საქართველოს წარმატებულ ქვეყნად და არც ამ სამსახურს, რომ არა, მათ შორის, კარგი კანონმდებლობა, კარგი პრაქტიკა ამ მიმართულებით. ეს, ბუნებრივია, მოითხოვს, ერთი მხრივ, დაფასებას და მეორე მხრივ, ეს გვავალდებულებს, რომ ვიყოთ პასუხისმგებლობით გამსჭვალული საიმისოდ, რომ მუდმივად ფეხი ავუწყოთ საჭიროებებს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს მუდმივს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.