როცა ხელისუფლებაში არსებული ძალის პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ ფულის კეთება და ძალაუფლებით ტკბობა, მაშინ ხდება ეს ყველაფერი სამწუხაროდ ქვეყანაში, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერებს.
მან ხაზი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირი აუცილებლად აგებს პასუხს.
„შოვის ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო, სტიქია, რმელსაც ემსხვერპლა ოჯახები და ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ ის, რომ ადამიანი არ არის დაცული ამ ქვეყანაში, სისტემები არ არის აწყობილი ისე, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, მყისიერად იმოქმედოს მაგრამ, ალბათ გაცილებით მძიმე იყო, ის სახე „ქართული ოცნების“ რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ეს რაღაც ინდიფერენტული დამოკიდებულება, ადამიანობისგან დაცლილი დამოკიდებულება ამ პროცესში.
მართლა კითხვა გიჩნდება ადამიანს, რომ რა გულმა გაუძლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ პირველივე დღეს მყისიერად არ ჩავიდა რაჭაში და საკუთარ თავზე არ აიღო პასუხისმგებლობა მთელი ამ სამაშველო ღონისძიების მართვის. რა გულმა გაგიძლოთ, როცა პირველ ღამეს საერთოდ შეაჩერეთ სამაშველო ოპერაციები და ფაქტობრივად მიატოვეთ ადამიანები ამ მძიმე გასაჭირში. რომ არა მოხალისე მაშველები შეიძლება კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო მსხვერპლი. ან რა გულმა მოგცათ იმის უფლება, რომ თავს დაესხით მოხალისეებს, გადარჩენილ ადამიანებს, მათზე ორკესტრირებული შეტევა განახორციელეთ.
აღარაფერს ვამბობ იმ ამორალურ საქციელზე, რომ ისევ ოპოზიციისკენ იშვერთ ხელს, რაღაც სისულელეების მოგონება, ჩემი გვარიც გააჯღერეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა რეგულაციებზე საუბრობთ გარემოს დაცვის სამინისტრო მთლიანად გააუქმეთ, აღარ არსებობს ქვეყანაში. აი ეს არის თქვენი სახე, როცა ხელისუფლებაში არსებული ძალის პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ ფულის კეთება და ძალაუფლებით ტკბობა, მაშინ ხდება ეს ყველაფერი სამწუხაროდ ქვეყანაში. მაშინ გვაქვს ასე ამორალურ ვითარებასთან საქმე.
თავიდან ბოლომდე მთლიანად ჩამოშლილობა აჩვენა სისტემამ. კიდევ უფრო მძიმე, სამაშველო ოპერაციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები ემსხვერპლენ კიდევ და როგორ იღებთ ხმას საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, საგამოძიებო კომისიას აქვს სამი მიზანი: პირველი, სად შეიძლებოდა პრევენცია და რა არ იყო გაკეთებული; მეორე, როგორ იმართა სამაშველო ოპერაცია და მესამე, ყველაზე მთავარი, ხვალ და ზეგ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რომ მოქალაქე იყოს დაცული, რომ ნებისმიერი სტიქიური უბედურება არ იყოს ადამიანების მსხვერპლთან დაკავშირებული, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს დაცული, რომ ადამიანურად და აწყობილი მექანიზმივით მოქმედებდეს სისტემა. ეს არის შინაარსი, რომლის შექმნაც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა.
ჩვენ ერთ პირობას ვაძლევთ მოქალაქეებს, შოვის ტრაგედია ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩება ასე მიგდებულად და უყურადღებოდ, ვერ გადაატარებს ამას „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს. ყველა ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სიცოცხლეზე აბსოლიტურად ყველა აგებს პასუხს! ამ პარლამენტში იქნება თუ სემდგომში ამ საკითხზე აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ყველა ადამიანი ვინც პასუხისმგებელია გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეზე, აბსოლიტურად ყველა აგებს პასუხს.
და საერთოდ რა მორალია, რომ არავინ თურმე დამნაშავე არ ყოფილა, არავინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია სადამდე დაეცა თქვენი მორალური საწყისები. პრიორიტეტი ფული და არა ადამიანი ეს არის ვითარება დღეს საქართველოში.
ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ყველა მოქალაქე იქნება დაცული, სადაც სისტემა იმუსავებს გამართულად, სადაც ყველა კრიზისი მყისიერად მოგვარდება იმ აწყობილი სისტემით რასაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად შევქმნით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.