დღეს პირდაპირ აღიარა უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რომ უკანონოდ ასხვისებდნენ ნოდარ დუმბაძის სკვერს ჩოხატაურში. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო ბრძოლა გაწია ჩვენმა გუნდმა როგორც ადგილზე, ისე ზოგადად პარტიამ, ამის შემდეგ კი უკვე უკან დახევა მოუწია ხელისუფლებას, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
„დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულის ჩადენამდე აღიარებითი ჩვენება, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ უკანონობის ჩადენას, კერძოდ, უკანონოდ ასხვისებდნენ სკვერს ჩოხატაურში, ამიტომ ყველაფერთან ერთად კანონის კითხვაც ისწავლეს ბოლო ორ დღეში, მაგრამ ერთი რამე არის მთავარი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან შევეწინააღმდეგებით, შევებრძოლებით ყველა იმ პროცესს, რომელიც „რუსული ოცნების“ მხრიდან ასეთი უკანონობით იქნება წამოწყებული. ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, ზოგიერთს ასწრებენ, ზოგიერთს ვერ ასწრებენ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო ბრძოლა გაწია ჩვენმა გუნდმა, როგორც ადგილზე, ისე ზოგადად პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის შემდეგ უკვე უკან დახევა მოუწია ხელისუფლებას. ყველა ასეთ ბინძურ ქმედებაზე, რომელსაც ჩაიფიქრებს „რუსული ოცნება“, აუცილებლად უკან დახევა მოუწევს,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.