საქართველოს დაზიანების გეგმაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი და ისეთ განცხადებას აკეთებდა, რაც საქართველოსთვის სტატუსის არმიცემის გამართლება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„კანდიდატის სტატუსზე როცა განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, ვისთვის არის პრიორიტეტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ვისთვის არის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტი ხელისუფლებასთან წინააღმდეგობა, რასაც საქართველოს ინტერესები ეწირება.
სამწუხაროდ, როცა ოპოზიციას ჰქონდა გეგმა, რომ ხელისუფლების დასაზიანებლად საქართველოს დაზიანება გაემეტებინა, ამაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა პრეზიდენტი და ისეთ განცხადებას აკეთებდა, რაც საქართველოსთვის სტატუსის არმიცემის გამართლება იყო.
ასეთი რიტორიკა ქვეყნის მთავარ ინტერესებთან თავსებადი არ არის და ყველაფრისთვის სახელის დარქმევას მოითხოვს. ეს პროცესი აჩვენებს, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესები და ვისთვის – ამის დაზიანება ხელისუფლებასთან ბრძოლის მოსაგებად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.