არ მგონია, იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს, რადგან მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ მათ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა, პროცესი პროცესისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა იმპიჩმენტის საკითხი მოახლოვდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის შესახებ განცხადებები გაკეთდება და ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვება.
„ეს ყველაფერი ემსახურება საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ყურადღების გადატანას. ეს იქნება რადიკალიზაცია-პოლარიზაცია. როცა იმპიჩმენტის საკითხი მოახლოვდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე განცხადებები გაკეთდება და ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვება. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა, რადგან ამ საკითხს უდგება არა სახელმწიფოებრივად, არამედ პიროვნულად და სურს, სალომე ზურაბიშვილი პროუკრაინული განცხადებების გამო დასაჯოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.