სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება.
„მინდა რამდენიმე სიტყვით გავაკეთო კომენტარი ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მან სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს და განახორციელოს. მე დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა ჩემი და მთავრობის არგუმენტაცია კიდევ ერთხელ მოვიყვანო. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, მე ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას. ასევე მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუს. ამას რომ მოისმენს ადამიანი, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები და მინისტრები, ასევე მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყოდი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის რაღაც უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული.
აქვე მინდა მივმართო საზოგადოებას და შევახსენო, თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს კრიტიკა, ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად ასახსნელი, ეს არის ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება. ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ის, რომ ჩვენი სწორი გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ დიახაც, მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა, ვასრულებთ და შევასრულეთ 12-0ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ რამდენიმე დრეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით, 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისია, სადაც განვიხილავთ და მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი. ადე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.