“ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტი უნდა დაეწყო საკუთარი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს კვირის განმავლობაში მიმართავს და სთხოვს დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტებით.
როგორც სამადაშვილი ამბობს, კონსტიტუცია პრემიერმა დაარღვია. ის მმართველ გუნდს კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალდებულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნით ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგან.
“კონსტიტუცია დაარღვია ღარიბაშვილმა, კონსტიტუცია დაარღვია როდესაც უარი უთხრა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირში ვიზიტების ორგანიზებაზე, იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ვალდებულებაა ყველა შესაბამისი უწყების, რომ უზრუნველყოს ყველაფერი ამის მისაღწევად. ამიტომ არასწორი ადრესატი ჰყავს ამ იმპიჩმენტის პროცედურას, იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო ღარიბაშვილის წინააღმდეგ,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.