საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ასეთ ფაქტზე უნდა იყოს რეაგირება.
„თავისთავად, ძალადობა მიუღებელია და თუკი ძალადობას აქვს ადგილი, ყოველთვის დასჯილი უნდა იყოს შესაბამისად, ამას ვსაუბრობთ ყოველთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაციაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე. თუნდაც რომ გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ადამიანს ცეცხლს უკიდებდნენ და ამას ამართლებდნენ შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც დღემდე ამართლებს ამ მოვლენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ძალადობაზე იყოს რეაგირება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება ძალადობას, ამას ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ძალადობის კულმინაცია იყო, როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური ძალადობის, ისე ფაშისტური მოწოდებების, რომ ადამიანები გარიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. ასე რომ, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა აქტივისტებისა, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას ამართლებენ რაღაც მიზნებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.