ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, 2023 წლის 4 აგვისტოს, გურჯაანში სტიქია მოხდა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოსახლე და 4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე გურჯაანის მერიას არავითარი სამუშაო არ უწარმოებია და ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ჰყავდა დატოვებული მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში.
როგორც ბესიკ დონაძე აცხადებს, გურჯაანში სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიას დაუკავშირა.
"ერთი თვის შემდეგ, გურჯაანის მერიამ მოითხოვა მილიონ სამასი ათასი ლარის შესყიდვის განხორციელება ტენდერის გარეშე, რადგან უნდა აღმოფხვრას სტიქიისგან მიყენებული ზიანი ერთი თვის შემდეგ და ეს სამუშაოები ემთხვევა გურჯაანის მერის არჩევნებს. იმის ნაცვლად, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს თავის დროზე გაეწია მზრუნველობა მოსახლეობისთვის ეწარმოებინა სამუშაოები და ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა, სტიქიაც კი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო და ერთი თვის განმავლობაში სამუშაოები არ აწარმოა მანამ, სანამ გურჯაანში არჩევნები არ დაიწყო იმისთვის, რომ ეს სამუშაოები მოერგო გურჯაანის საარჩევნო კამპანიისთვის".- ამბობს დონაძე.