თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილში, რომელიც დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხა.
ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინიარე ომს ეხმაურება.
ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში:
"მე და ლორა ვუგზავნით მოკითხვას ქართველ ხალხს, ისევე როგორც კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრეებს. ახლა, როდესაც თქვენ თბილისში ხართ შეკრებილები, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა ექნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. უკრაინის გამარჯვება დაამტკიცებს, რომ დემოკრატიული ძალების გამარჯვება შესაძლებელია, უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს თავისუფლების მოყვარული ადამიანების ძალას, უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება თქვენი ქვეყნის დეოკუპაციაც მოახდინოს პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.
ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ეპყრობიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. არსებობს შეშფოთება თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და იმით, რომ თქვენი მთავრობა ჯეროვნად არ უჭერს მხარს უკრაინას. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“,- ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.