აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება. დევიდ კრამერი იმპიჩმენტის მცდელობას შეცდომად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ძირი გამოუთხაროს. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მე მეჩვენება, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და არ არის თანხვედრაში საქართველოს პოლიტიკასთან აუცილებელი რეფორმების გატარების მიმართულებით. ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე, ამერიკელი, ვამბობ ამას - ჩვენ წინა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ორ შემთხვევაში მოვაწყვეთ. იმპიჩმენტის პროცედურები ასე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა კრამერმა, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
მისი თქმით, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის.
„ყველა, ვინც აქ ვართ, ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები, იმისდა მიუხედავად, რა ხდება ამ ქვეყანაში ან რეგიონში. გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ცხადია, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის და ეს არის პუტინიზმის საფრთხე, რომელიც არის მცდელობა დაამყაროს კონტროლი რეგიონის ქვეყნებზე, უარყოს მათი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და, რასაკვირველია, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ", - აღნიშნა კრამერმა.