სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო.
ამის შესახებ მან La Repubblica-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით დაკავშირებული იყო რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის მხრივაც. მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთი საჭიროებს იარაღსა და საბრძოლო მასალას, გასაგებია, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ვერ შეძლებდა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოსტფაქტუმ ვიგემეთ ამ შეცდომის მწარე ნაყოფის გემო, ჩვენი პოლიტიკის დივერსიფიკაციის სრულიად არადამაჯერებელი მცდელობები გვაქვს უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარესთან ლაპარაკობენ, რომ დასავლეთი სომხეთთან მუშაობს და ქვეყნის ხლისუფლებას უბიძგებს რეგიონიდან რუსეთის გაძევებისთვის ზომების მიღებისკენ.
„მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას, ზოგჯერ ვაჟღერებთ ჩვენს აზრს და შეფასებას იმის შესახებ, რომ პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც ის დგამდა და დგამს. რა მიზეზით, ეს არ ვიცით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, არის პროცესები, რომლებიც აფიქრებინებთ: „შესაძლოა განვითარდეს ისეთი სცენარი, რომ ერთხელაც უბრალოდ გავიღვიძოთ და დავინახოთ, რომ რუსეთი აქ აღარ არის“.