პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შეუქცევადი ხასიათი მიეცა, სწორედ აქედან გამომდინარე, ამაზე გარკვეული რეაგირება იყო საჭირო და ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი, ეს არის იმპიჩმენტის გზა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ერთი მიზანი მაინც იქნება მიღწეული, მათ შორის, სამართლის დონეზე იქნება აღიარებული, რომ პრეზიდენტი, რომელიც თავად უნდა იყოს, პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვის უპირველესი გარანტი, უხეშად არღვევს კონსტიტუციას. საბოლოო ჯამში, გამოაშკარავდება, რომ ხდება გარკვეულად დაუსრულებელი სპეკულაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და პრეზიდენტი არის ამ რადიკალური დღის წესრიგის თანამონაწილე. საზოგადოება არ შეიძლება, დაბნეულობაში იმყოფებოდეს. როდესაც კონსტიტუცია მკაფიოდ, ცალსახად განმარტავს, ვინ ახორციელებს ქვეყნის შიგნით და გარეთ სახელმწიფო პოლიტიკას და ამ დროს ამას უგულებელყოფს პრეზიდენტი, ეს ქმნის დაბნეულობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. კონსტიტუციის დარღვევა არის ყოვლად მიუღებელი, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა, პირველ რიგში, პრეზიდენტისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.