უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ნელ ტემპით უკმაყოფილობას გამოთქვამენ.
„უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა იგივეა, რაც უკრაინელი ჯარისკაცისთვის სახეში შეფურთხება, რომლებიც ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს, წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ თითო-თითო კილომეტრის მიყოლებით უკრაინის მიწას. ყველა კრიტიკოსს ვურჩევ, გაჩუმდეს. ჩამოდით უკრაინაში და შეეცადეთ, გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი თქვენი ძალებით“, – განაცხადა კულებამ. ამასთან, მან დაჟინებით მოითხოვა კიევისთვის მეტი სამხედრო დახმარება.
„დისკუსია, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ გერმანიის მთავრობასთან, არის Taurus-ის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებაზე – საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააკეთეს ეს. ბერლინმა განიხილა Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდება, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. კონსტრუქციულად, გულწრფელად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც დაგვეხმარება, ომის უფრო სწრაფად დასრულებაში“, – აღნიშნა კულებამ.
მან ასევე მოუწოდა „ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, რომლებიც ფლობენ F-16-ებს, შეუერთდნენ ნიდერლანდებს, დანიასა და ნორვეგიას საავიაციო კოალიციაში და წვლილი შეიტანონ არა მხოლოდ წვრთნებით, არამედ თვითმფრინავებითაც“.