ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტების დაბლოკვას ეხმიანება.
„ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე.
პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა”, - წერს ნინო ლომჯარია.
საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზეც უთხრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება - საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.