უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.
„სამხრეთით ჩვენ განვახორციელეთ შეტევა. ეს ჩვენი შეტევის ძირითადი მიმართულებაა. ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მტერი თავდაცვით პოზიციაშია.
თქვენ იცით, რომ გათავისუფლებულია რობოტინო დ ჩვენი სამხედროები რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთითა და მალაია ტოკმაჩკის სამხრეთით წინ მიიწევენ“, - განაცხადა ჰანა მალიარმა.
მალიარმა დააზუსტა, რომ საუბარია ნოვოდანილოვკისა და ნოვოპროკოპოვკის, ასევე მალაია ტოკმაჩკისა და ოჩერეტოვატოეს მიმართულებებზე.
„ეს ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი ძალები წინ მიიწევენ. მტრის გაშმაგებული წინააღმდეგობის მიუხედავად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს 1 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის მიმართულებით.