უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურვილი აქვს 2024 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს უკრაინაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, პარტნიორების დახმარება და საერთაშორისო დამკვირვებლები ფრონტის ხაზზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებაზე, რომ ომის მიუხედავად უკრაიანში 2024 წლის არჩევნები უნდა გაიმართოს. ზელენსკის განცხადებით, ის პირადად ესაუბრა გრემს.
„ლოგიკურია, რომ დემოკრატიას თუ იცავ, მაშინ ომის დროსაც უნდა იფიქრო ამ დაცვაზე. არჩევნები თავდაცვის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ომის დროს არჩევნები კანონით აკრძალულია – ომის დროს არჩევნები ძალიან რთული ჩასატარებელია. მე მას ვუთხარი, თქვენ მზად ხართ მომცეთ 5 მილიარდი, რადგან არ შემიძლია, უბრალოდ ავიღო ბიუჯეტიდან 5 მილიარდი, ჩემი აზრით, სწორედ ეს თანხა სჭირდება არჩევნების ჩატარებას ჩვეულებრივ პერიოდში, ომის დროს კი არ ვიცი რამდენი უნდა იყოს ეს თანხა, - თუ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპასთან ერთად გაგვიწევენ ფინანსურ დახმარებას {მაშინ უკრაინაში არჩევნები გაიმართება}.
მე არაფერს ვითხოვ. კრედიტით არჩევნების გამართვას არ ვაპირებ. იარაღისთვის განკუთვნილი თანხის აღებას და არჩევნებისთვის გადაცემას ასევე არ ვაპირებ. ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. მაგრამ თუ თქვენ გამიწევთ ამ ფინანსურ დახმარებას და თუ პარლამენტარები გადაწყვეტენ, რომ საჭიროა, მაშინ შევცალოთ კანონმდებლობა სწრაფად... და მთავარი - მოდით, მაშინ გავრისკოთ ერთად. მაშ როგორ? დამკვირვებლები უნდა იყვნენ სანგრებში, მე მას ვუთხარი: ფრონტის ხაზზე უნდა გავგზავნოთ დამკვირვებლები, რათა არჩევნები ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის ლეგიტიმური იყოს. ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დასავლეთმა და უპირველესად ევროპამ 7 მლნ უკრაინელი ლტოლვილისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობები უნდა შექმნას.