საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ ტელეარხ „ზვეზდას“ განუცხადა.
მისი თქმით, დაინტერესებულები არიან, რომ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ საქართველოსთან პრეტენზიები არ გვვქს - ჩვენ სხვის გამო ომებს არ ვაწარმოებთ, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის სხვას არ დავუთმობთ“, - განაცხადა ბჟანიამ.
მან 2008 წლის ომზე და კოდორის ხეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატო მაშინაც და ახლაც აქტიურ დახმარებას უწევს საქართველოს.
„სამხედრო ნადავლი, რომელიც ამ მოქმედებების შედეგად ხელში ჩაგვივარდა - ამერიკული შაშხანები, სხვადასხვა სამხედრო სისტემა, ბანკომატები, სამხედრო მიზნებისთვის გადაკეთებული თოვლმავალები - ეს ყველაფერი არის მტკიცებულება იმისა, თუ ვინ იდგა საზღვრებზე და ვინ ეხმარებოდა მათ ყველანაირად“, - განაცხადა კრემლის მარიონეტმა.
მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება ნატო-ს სამხედრო წვრთნები. ბჟანიას თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ამ სწავლებების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გროვდება ამერიკული ტექნიკის ნაწილი.
„რა თქმა უნდა, ეს ნატო-ს ბლოკია. და ამ დრომდე ეს ხდება - გარკვეული პერიოდულობით. ყოველ წელს საქართველოში ტარდება 10-მდე სამხედრო სწავლება, სამხედრო წვრთნებთან ერთად. და ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ამ წვრთნების შემდეგ ტექნიკის ნაწილი იმ მიზეზით, თითქოს ის მწყობრიდან არის გამოსული, საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, ეს ყველაფერი გროვდება, ჩვენ ეს ვიცით, შესაბამისად ამაზე ვრეაგირებთ, და ვგეგმავთ რეაგირებას“, - განაცხადა ბჟანიამ.