ბუნებრივია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ემთხვევა ჩვენი ქვეყნების თავისუფლების სტრატეგიას, რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ძალიან ბუნებრივია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ემთხვევა ჩვენი ქვეყნების თავისუფლების სტრატეგიას, რაც გულისხმობს, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. როცა რუსეთს აღარ ექნება ის სტრატეგიული ამოცანები, რომელიც დღეს აქვს. სწორედ ამ ამბიციების გამო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია. საქართველოს გამთლიანება ჩვენი მომავლის ოცნებაა. რუსეთის დამარცხება გულისხმობს, რომ რუსეთის ექსპანსია არ უნდა ემყარებოდეს მეზობელი ქვეყნების დაპყრობას. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ძალიან მალე შეიცვლება და რუსეთის დამარცხების შემდეგ რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს. 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დაცვა დიდი სისხლის ფასად გვიწევდა, ახლა უკრაინელებს უწევთ. რუსეთის დამარცხების შემდეგ ეს დოქტრინა მთლიანად შეიცვლება და ამიტომ ყველამ უკრაინის მალე გამარჯვება უნდა ვისურვოთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.