თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის 4 თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხა, რომლებმაც საქმის ფარგლებში ლაზარე გრიგორიადისისა და პოლიციელის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, ასევე მარტის აქციებზე დამწვარი ავტომობილის დაზიანებები შეისწავლეს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს . შსს-ს განცხადებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.