უმძიმესი რეალობაა კახეთში, ფაქტობრივად 60 პროცენტი მოსავლის არის განადგურებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვდივართ ინიციატივით, მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველტან ერთად გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა;
„უმძიმესი რეალობაა კახეთში, ფაქტობრივად 60 პროცენტი მოსავლის არის განადგურებული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი - უხვი ნალექის დაზღვევა არ ხდება, უხარისხოა წამლები და უწევთ ფაქტობრივად 10-12-ჯერ შეწამვლა და მაინც არანაირი შედეგი არ დადგა და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, ამ ადამიანებმა იშრომეს და ფაქტობრივად დარჩნენ ბედის ანაბარა. ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია - სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია, წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წლის რაც ჩაბარებული ჰქონდათ იმაზე მოხდეს სუბსიდირება, ვგულისხმობ 20 თეთრით, რაც ამ ადამიანებს დაეხმარება ვალის გასტუმრებაში. ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს შეძლონ იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შეთავაზება გვაქვს და მოვთხოვთ ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას.,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.