საქართველოს მთავრობა და დიმიტრი მედვედევი გველაპარაკებიან ერთ ხმაში. ერთი და იმავე გზავნილებით, - ამის შესახებ პარტია “დროას” აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.
გიგა ლემონჯავა გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო ანექსიის შესახებ.
“მინდა, გამოვეხმაურო დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ანუ რუსეთთან მიერთების შესახებ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხი ამ განცხადებაზე, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაშინება იყო, გახლდათ სრულიად სამარცხვინო.
მთელი ამ წლების განმავლობაში, “ქართული ოცნება” როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ადამიანებს არწმუნებს თითქოს ის ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ამის გამო, მათ აღადგინეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, რითაც საერთაშორისო იზოლაციის რისკის ქვეშ დააყენეს ქვეყანა. მათ საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, შემოუშვეს რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე. ისინი გამუდმებით ლანძღავენ ჩვენს დასავლელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოსვე უსაფრთხოება, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა.
ეს არ არის ურთიერთობების ნორმალიზება ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი. საქართველოს მთავრობა და დიმიტრი მედვედევი გველაპარაკებიან ერთ ხმაში. ერთი და იმავე გზავნილებით:
თითქოს, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია ამ ქვეყნების ნატოსკენ სწრაფვის ბრალია
თითქოს 2008 წლის ომის საქართველომ დაიწყო.
თითქოს ვინმეს საქართველოში სურს გამოგონილი მეორე ფრონტის გახსნა.
ისინი ორივე გვესაუბრებიან არარსებულ ქსენოფობიაზე რუსების მიმართ.
მე მინდა, დიმიტრი მედვედევმაც, ბიძინა ივანიშვილმაც და მათმა დაქვემდებარებულებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ისინი ვერასოდეს გატეხენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობას და ბრძოლას თავისუფლებისთვის. ძალიან ახლოს არის ის მომენტი, როცა საქართველო აღადგენს სრულ კონტროლს მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დიდება გმირებს!
არა რუსულ რეჟიმს!” - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.