ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-ზე მეტი ადამიანია მიჩნეული. ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა სტივენ მერილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალურმა სამსახურებმა შეადგინეს 2 500-კაციანი საერთო სია, რომელთა გაუჩინარების შესახებაც ინფორმაცია სხვადასხვა მომენტში ვრცელდებოდა. „ეს არ ნიშნავს, რომ 2 500 ადამიანი დაიკარგა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რეესტრში არსებობს 2 500 ჩანაწერი, რომელიც უნდა შევამოწმოთ“, - განმარტა მერილმა და აღნიშნა, რომ ხსენებული სიიდან 1400 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე იპოვეს.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ გვყავს 1000 ადამიანი ამ სიაში, რომლებიც კვლავ დაკარგულებად არიან მიჩნეული“, - თქვა მან.
ბოლო ინფორმაციით, მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაიღუპა 115 ადამიანი.