საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა.
იონათამიშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.
იონათამიშვილის თქმით, ხდება ლუსტრაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ წარსულისა და ძალადობის პარტიაა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება და საზოგადოება ბოლომდე დაინახავს, პარტია როგორი დაცლილია ღირებულებებისგან და შურისმაძიებელი ადამიანების ერთობად არის გადაქცეული. მათ ბრიფინგებს, გამოსვლებს და აქტივობას ფასი არ აქვს, ხდება ლუსტრაცია, რომ წარსულისა და ძალადობის პარტიაა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე ძალიან მწარედ და საბოლოოდ დამარცხდება.
ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსები ექსპერტების ნაცვლად როცა იწყებენ საუბარს, თანაც ექსპერტული პოზირებიდან, ამით საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. რადიკალური ოპოზიცია ამის მეტს არაფერს აკეთებს. როგორც წესი, თვითონ „ყველაფრის ექსპერტები“ არიან. ახლა სამართლებრივ-სამძებრო ღონისძიებების ექსპერტებად მოგვევლინენ, ცოტა ხნის წინ კონფლიქტოლოგები იყვნენ და ასე შემდეგ. მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ყველაფრის ექსპერტები არიან ხოლმე. ასეთ დროს უხერხულია საუბარი, მით უმეტეს პასუხისმგებლობაზე. ეს არის უპასუხისმგებლობის სახე რადიკალურ ოპოზიციაში. პასუხისმგებლობის ნაწილზე როცა საუბრობენ, საკუთარ თავს უფრო მძიმე ვითარებაში აყენებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.