აშშ-ის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი.
განცხადებაში ლაპარაკია ლიეტუვის მიერ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტზე. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ბელარუსიდან გამგზავრება შეიზღუდება.
ასევე, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში გამგზავრებისგან, რადგან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს სათანადო დახმარებას სრულად ვერ გაუწევს.
ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს დაკეტა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაიკეტოს, ასეთი ნაბიჯის გადადგმას ლიეტუვა ლატვიასთან და პოლონეთთან ერთად განიხილავს.
ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას 28 აგვისტოს გეგმავენ.