უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით დასავლელი ანალიტიკოსების კრიტიკას უპასუხა და ურჩია, რომ მეტად ფრთხილნი ყოფილიყვნენ გრძლევადიანი პროგნოზების გაკეთებისას. იუწყება BILD
„ჩვენ მშვიდად ვისმენთ ასეთ განცხადებებს. უცნობი მაღალჩინოსნების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას არსებობა 2022 წლის თებერვალში სამი-ათი დღის განმავლობაში უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ასე სწრაფად თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. მინდა ვთქვა, რომ ანალიტიკოსები უფრო მეტად ფრთხილნი უნდა იყვნენ თავიანთი გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, გამარჯვება მძიმე ბრძოლის შედეგია.
უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს, როდესაც რუსებს თავდაცვაში გადასვლა აიძულეს. ამერიკის თავდაცვის უწყებამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ძალების წინსვლა კონტრშეტევის დროს, თუმცა განაცხადა, რომ ეს მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა იქნება.
ჯო ბაიდენის მრჩეველმა კომენტარი გააკეთა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით საუბარია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს სიცივეების დადგომამდე კონტრშეტევის საკვანძო მიზნების მიღწევას, კერძოდ კი ზაპოროჟიეს ოლქში მელიტოპოლამდე მისვლას, რადგან ტოკმაკის გათავისუფლებაც კი რუსეთის თავდაცვის სამი ხაზის გათვალისწინებით, რთული იქნება.